ამირან გამყრელიძე: წელს კოვიდით გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა სრულად და 99.7% სამწუხაროდ არის აუცრელი. მეორეს მხრივ გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში და სრულად აცრილების შემთხვევაშიც, დაახლოებით თხუტმეტჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15 ჯერ იცავს. 1000 აცრილ ადამიანში შეიძლებდა კოვიდით დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდ დაღუპვის ალბათობა არის 15”, – განაცხადა გამყრელიძემ.

3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 428 670 პირს დაუდასტურდა კოვიდი, მათ შორის გარდაიცვალა 5 910 ადამიანი.