კოვიდვაქცინაციისთვის რეგისტრირებული 19 000 ჯავშნიდან 3 000 ადამიანი ასაცრელად არ გამოცხადდა

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული.

„აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად Sinopharm-ზე და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს Pfize-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი Pfize-ზე, ძირითადად რეგიონებში, AstraZeneca-ზე - 17 791, Sinopharm-ზე“ – 79 523, Sinovacზე - 73 749“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დახურულ შენობებში პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება.

„ძირითადი გზავნილები დღეს, რაც ინტენსიურად განვიხილეთ და რასაც დათანხმდა საბჭო, გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარების დახურულ შენობებში. განსაკუთრებით, ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და რეკომენდაცია, ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში და ამავე დროს, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.

ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცათ დავალებები შესაბამის ორგანოებს – აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ. ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით, „პისიარ“ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ და თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ყველა ინდიკატორით, ინციდენტობის ინფიკატორით, ეს გახლავთ დადებითობის მაჩვენებელი, ეს გახლავთ სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე, არის ყველა იმის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში მაქსიმალურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ადგილები გაუქმებულია Sinopharm-ის ვაქცინებზე. იმნაძის განცხადებით, ამის მიზეზი შეიძლება საქართველოში Pfizer-ის შემოტანა გახდა და ადამიანებმა Sinopharm-ის ნაცვლად Pfizer-ით აცრა მოინდომეს, თუმცა ეჭვებს ბადებს ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული Pfizer-ზეც.

“რაც სისტემიდან მარტივად ამოღებადია ის ამოვიღეთ. საკვირველად მეტი ადგილია გაუქმებული აცრებზე. ერთი იმდენი “სინოფარმზეც” გაუქმდა. მესმის ეს შეიძლება იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას მერე “ფაიზერი” უფრო მოეწონა, Sinopharm-ზე გააუქმა და Pfize-ზე გადაეწერა. კი ბატონო… მაგრამ Pfizer-ზე ერთი იმდენი რომ არის გაუქმებული, რა თქმა უნდა, ჩვენში ეს უკვე ადრე გამოთქმულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა და სისტემაში ხელოვნურად ადგილის დაკავება”, – განაცხადა იმნაძემ.