ივანე ჩხაიძე: დადგა დრო, ვიფიქროთ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ნიღბის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე ღია სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაც. ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების შექმნა შეუძლია და აღნიშნული შეზღუდვების გარეშე, ინფიცირების შემთხვევების მატება გაგრძელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების მონიტორინგიც:

„ალბათ დრო დადგა, ვიფიქროთ არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული. ამის უკან უნდა იდგეს ძალიან მკაცრი მონიტორინგი და ძალიან მკაცრი კონტროლი. ინფექციის გავრცელების სწრაფი შეწყვეტის შესაძლებლობა არის მხოლოდ ნიღბის სავალდებულო ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ძალიან ბევრი ქვეყანა დაუბრუნდა ამ რეკომენდაციას, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელმაც მოხსნა ეს ვალდებულება, ისევ უბრუნდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„პირველ რიგში უნდა იყოს აუცილებლად მკაცრად გაკონტროლებული ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში. აუცილებლად უნდა იყოს, მაქსიმალურად სიმკაცრით აკრძალული ნებისმიერი თავშეყრა. წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი. არა აქვს მნიშვნელობა. სარესტორნო სივრცეში, დახურულ სივრცეში კვების პროცესი არის ყველაზე იოლი გადაცემის გზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტისთვის. ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში უნდა იყოს სასწრაფოდ და კატეგორიულად აკრძალული“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.