მაია ბუწაშვილი: ვაქცინის მისია გართულებებისგან დაცვა და სიკვდილისგან გადარჩენაა, ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ აცრის შემთხვევაშიც დაინფიცირდით

ზაფხულის სეზონთან ერთად, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იზრდება და დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID19-ით iინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის პარალელურად დასვენების მსურველებმა, მზარდი სტატისტიკის პარალელურად უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი რეგულაციები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime ექსკლუზიურად ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

ინფექციონისტი განმარტავს, რომ უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ დასასვენებელ სივრცეებს და უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ აგარაკებსა და სოფლებს, სადაც ხალხმრავლობა არ არის.

მისი თქმით, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ასევე ოქროს წესად რჩება ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბუწაშვილის განცხადებით, ვაქცინირებულების პროცენტული რაოდენობა მცირეა და ილუზიაა იმის წარმოდგენა, რომ ახლა ვაქცინირებულების რაოდენობა გავლენას იქონიებს ამ სეზონზე პანდემიაზე.

,,კოვიდთან დაკავშირებით, პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად წავიდეთ ხალხმრავალ ადგილასა და კურორტებზე.

ვისაც შესაძლებლობა აქვს ვთქვათ, იზოლირებული აგარაკისა ან სოფლისა, არჩევანი უნდა გააკეთონ ამის სასარგებლოდ, ვიდრე ხალხმრავალი კურორტების, იმიტომ, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების აღმავლობა ძალიან სწრაფია და ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს.

მეორე საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეში კოვიდრეგულაცია აღარ არსებობს პირბადის ტარებისა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და თუნდაც რამდენიმე მაინც, თავისი ინიციატივით უნდა გამოიყენოს პირბადე. ჰიგიენა და ხელის დაბანა ოქროს სტანდარტებად რჩება.

თუ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, დისტანციის დაცვა ჩვევაში უნდა ჰქონდეთ, რომ მანძილი დაიცვან სხვა ადამიანებისგან. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი რეკომენდაციაა.

თუ ვაქცინაციაზე ვილაპარაკებთ, ახლა აცრა, ამ სეზონზე, სამწუხაროდ, ინფექციის პრევენციისთვის ამ კონკრეტულ თითოეულ ადამიანს ვერ მოუსწრებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შემოდგომაც, სავარაუდოდ, მძიმე გვექნება და მოსამზადებლად ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში (რამდენი ადამიანიც შესაძლებელია ცხადია) ეს პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად პატარა პროცენტია აცრილების, რომ ამ სეზონზე იმის ილუზია, რომ იმდენი ადამიანი აიცრება, ეს პანდემიას რაიმე სიკეთეს შეატყობს, სამწუხაროდ, ესე არ იქნება.

რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მართალია, ჩვენ უკვე დავრწმუნდით პანდემიის მიმდინარეობისას, რომ ზედაპირებით ნაკლებად გადამდებია კოვიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმები მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარტო კოვიდი არ არის ჩვენს გარშემო და ბევრი მაგალითად, დიარეული დაავადებების აფეთქებები გვაქვს ხოლმე კურორტებზე", - განაცხადა ბუწაშვილმა.

Europetime-თან საუბრისას ინფექციონისტი ამბობს, რომ მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვების დაწესება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება.

მისი თქმით ის არ ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, თუმცა მხარს უჭერს, რომ მოქმედი რეგულაციების აღსრულება ხდებოდეს.

ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და მას ადამიანები აღარ იცავენ.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულების ნაწილი ქუჩაში გადაადგილდება და ამაზე დამატებითი მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს.

,,მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვები უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს მოსახლეობას და ამიტომ ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეს ვარ, რომელიც ნაკლებად ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, მაგრამ რაც არის იმის აღსრულება უნდა ხდებოდეს, ეს ფაქტია, იმიტომ, რომ ფაქტიურად რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ.

ასევე, თუ ჯარიმებს ვაწესებთ, ეს ჯარიმები უნდა გადავახდევინოთ, იმიტომ, რომ ჯარიმების ჩამოწერა ცუდი პრეცედენტია, რადგან ადამიანებში დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს, არადა გამოდის, რომ ჯარიმები პრინციპში აუცილებელია, რადგან რთულია თვითკონტროლი მოვთხოვოთ ადამიანს, ამიტომ აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გადაცემის პრევენეცია გავაკეთოთ. კიდევ ერთი, კოვიდინფიცირებულები აშკარად ვიცით, რომ მოძრაობენ ქუჩაში. აღარაფერს ვამბობ კონტაქტებზე და ამაზეც უფრო მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა.

მაია ბუწაშვილმა Europetime-თან საზღვარზე PCR ტესტირების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარზევე ადამიანების შემოწმების მოდელის დანერგვა საკმაოდ რთულია და დროს მოითხოვს.

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს ქვეყანაში შემოსულთა PCR ტესტირება.

„სამწუხაროდ, რაღაც ესეთი მოდელის შექმნა, რომ საზღვარზევე შევამოწმოთ ადამიანები ძალიან რთულია, რადგან გამოდის, რომ ისინი დიდხანს უნდა დავაყოვნოთ პასუხამდე და ეს დიდ დისკომფორტს შეუქმნის მათ, ამიტომ, იძულებულები ვართ, მათ მიერ შემოტანილი PCR ტესტის პასუხი გავითვალისწინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ შემოსვლის შემდეგ, PCR ტესტირება კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან შემოსულებისათვის, სადაც ბოლომდე არ ვენდობით მათი ტესტის პასუხებს, მაგალითად საიდუმლო არ არის, რომ რუსეთიდან შემოსულებს შეუძლიათ იქ გაყალბებული ცნობები იშოვნონ და შემოვიდნენ, ამიტომ შემოსვლის შემდეგ ტესტირებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლი უნდა იყოს", - განაცხადა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინებთან შედარებით Pfizer-ის ეფექტურობა მაღალია, ეს ვაქცინები COVID19-ის გართულებებისა და ლეტალური შედეგისგან იცავს ადამიანებს.

ინფექციონისტი ამბობს, რომ ვაქცინებში გადამწყვეტი მნიშვნელობის ის არის, რომ ადამიანები არ დაიღუპონ, ამისგან კი ადამიანებს ყველა ვაქცინა იცავს.

,,მართალია, ეფექტურობის პროცენტი ვრცელდება და გასაგებია, რატომ ელოდებოდნენ ადამიანები Pfizer-ს იმიტომ, რომ ვხედავთ სტატისტიკას, რომ ეფექტურობა მაღალია ჩინურ ვაქცინებთან შედარებით, მაგრამ მთავარი გასათვალისწინებელი ის არის, რომ რისიც ჩვენ გვეშინია და რისგანაც გვინდა, რომ ვაქცინამ დაგვიცვას - ეს არის გართულებები და სიკვდილი, ასეა თუ ისეა, მცირე სხვაობებით ყველა ვაქცინა ამ მიმართულებით მუშაობს და ბევრი ქვეყანა უკვე, მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია, ჩვენ ვხედავთ, რომ ამცირებს გართულებებს და სიკვდილს.

კითხვის ნიშნები რჩება ინფიცირების პროცენტებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობის ის არის, რომ ადამიანები არ დაიღუპონ, ამისგან ყველა ვაქცინა ასე თუ ისე იცავს, ამიტომ, როდესაც ასეთი წყვეტაა ამ pfizer-ის ვაქცინაზე და ადამიანები ამის გამო ელოდებიან და მერე აღარაფერზე არ იცრებიან, ამას ნამდვილად ჯობია, რომ რაზეც ხელმისაწვდომობა არსებობს ის გამოიყენონ", - ამბობს ინფექციონისტი.

მაია ბუწაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს Pfizer-ის ვაქცინით აცრა სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ ლოდინში ადამიანები დიდ დროს კარგავენ, რადგან ვაქცინის მთავარ მისიას - ლეტალობისგან და გართულებებისგან დაცვას სხვა ხელმისაწვდომი ვაქცინებიც ასრულებენ.

„კიდევ ვიმეორებ, პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანის სურვილს, რომ უკეთესი ვაქცინით აიცრას, ეს გასაგებია და საერთოდ, არ ვცდილობ , რომ მათ შეურაცხყოფა მივაყენო - რატომ უცდიან სხვა ვაქცინას, მაგრამ ამ ლოდინში კარგავენ დიდ დროს და ვხედავთ, ვაქცინირებულებთან შედარებით, არავაქცინირებულებში რამხელაა სიკვდილობის მაჩვენებელი. ასევე ნუ ინერვიულებენ იმაზე, რომ ვთქვათ, მისი მეზობელი ან ახლობელი აიცრა და მაინც დაემართა კოვიდი. კიდევ ვიმეორებ, რომ ვაქცინის მისია არის უფრო ის, რომ ადამიანები გადარჩნენ და არ დაემართოთ გართულებები და არ დასრულდეს ლეტალურად ის, რომ ვიღაცებს ისევ ემართებათ კოვიდი, ეს არაუშავს, მთავარია, კიდევ ვიმეორებ, რომ არ იყოს გართულებები“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.