სახალხო დამცველი პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანია ვაქცინაციის მხარდასაჭერადაც გამოიყენონ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, აგიტაციის გზით, აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაც შეუძლიათ - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ.

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არამარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

„თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება“, - წერს სახალხო დამცველი Facebook გვერდზე.

ის მიიჩნევს, რომ ამის პარალელურად საჭიროა სწორი რეგულაციები და სამედიცინო პერსონალის, პედაგოგებისა და სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა წაახალისონ თავიანთი დასაქმებული პირების აცრა ან დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში.

„ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)“, - წერს სახალხო დამცველი.

საქართველოში დღეს კორონავირუსი 4 827 ადამიანს დაუდასტურდა.

3 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.