თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შეხვედრა გამართა

2 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს ცნობით, განიხილეს შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი.

„მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებით. დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

თავის მხრივ, კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მხრიდან მიმოხილული იყო 1835 წელს აგებული, ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა და სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ვინაიდან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში იყოს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10 000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად იდენტიფიცირებულია და განხილულ იქნება ორი ვარიანტი: ა) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი, უკანა კორპუსი, რომელიც, ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, მყარია და ის 1980-იან წლებშია აშენებული. ბ) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის შენობის სიმყარე ასევე ეჭვს არ იწვევს.

პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც, მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული. მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად. მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ოქროს ფონდის დაზიანებული ზოგიერთი ექსპონატის რომელიმე სივრცეში გადატანამდე, UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შესაბამისად, პროფესიონალების მიერ მათი დროებითი გამაგრება უნდა განხორციელდეს და ოქროს ფონდის აღწერის პროცესი დასრულდეს.

კულტურის მინისტრმა მეუფე ვახტანგს ასევე აცნობა, რომ მუზეუმის შენობის ევაკუაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ხელოვნების მუზეუმის დაზიანებული შენობის აღდგენის პროცესი. ამ მიზნით, უკვე გადადგმულია არაერთი ნაბიჯი.

დღეს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის წერილი, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიაში დაბურნებას სთხოვს.

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს დაადასტურა, რომ წერილი ადმინისტრაციაში შევიდა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა ანჩისხატის გადმოცემის საკითხს ხელისუფლების წინაშე - „მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის სათანადო პირობები შექმნილიყო“.

ამის შემდეგ საპატრიარქო განმარტავს, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ხატის კიოტი შექმნეს.

„მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისთვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიაში, ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად“, - წერია წერილში.

ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ