„მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს“, - საბერძნეთში ხანძრის გამო საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.
„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარი და ფანჯრები“.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793. საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს. აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
სასწრაფო დახმარების სამსახურებმა რამდენიმე გარეუბანში ევაკუაცია გამოაცხადეს, რადგან ძლიერი ქარი და სიცხე კვლავ ართულებს სამაშველო ჯგუფების მუშაობას. მაღალმა ტემპერატურამ ქვეყანაში ხანძრის ასობით კერა შექმნა. ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქ ათენის გარეუბანში.