ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა.
დღეს ლაშა ტოკიო 2020-ის ფიცარნაგზე გამოვიდა და მეორე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მრავალგზის რეკორდსმენმა და პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე ირანელი ალი დავუდია (200+241), მესამეზე კი სირიელი მან ასაადი (190+234).
ცნობისთვის, 2015 წელს აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 454 კგ. დაძლია და მეორე ადგილს დასჯერდა. მაშინ ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის დოპინგის მოხმარებაში ამხილეს, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონად ლაშა ტალახაძე აღიარა.
2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ დამყარებული რეკორდი ახალგაზრდა ქართველმა 16 წლის შემდეგ ასევე ოლიმპიურ ფიცარნაგზე დაამხო და ერთი კგ-ით გააუმჯობესა.
ლაშა ნინო სალუქვაძესთან ერთად წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის მედროშეა. სწორედ მათ წარადგინეს ქვეყანა ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონიაზე.