საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ციფრული არქივის შექმნაზე მუშაობს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "თანამედროვე ტექონოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ არქივში დაცული მასალები უფრო მეტად დაცული და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის უზრუნველსაყოფად, სრულად დასრულდება გაციფრულების პროცესი, რაც ჩვენს ფონდს კიდევ უფრო დაზღვეულს და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს გახდის“.
მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონულ არქივში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული ციფრული დოკუმენტები შეინახება, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფოს სამართლებრივი ისტორიაა.
ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.