კვლევა: Sinovac-ის ვაქცინა ვირუსის სიმპტომურ შემთხვევებს 58.5%-ით ამცირებს

ჩილეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinovac-ის ვაქცინა დაავადების სიმპტომური შემთხვევების პრევენციისთვის 58.5%-ით ეფექტურია. ამის შესახებ ნათქვამია ჩილეს ჯანდაცვის ორგანოების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ვაქცინა 86%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და 89.7%-ით ამცირებს ინტენსიური თერაპიის საჭიროებას აცრილ პაციენტებში. ამასთანავე, პრეპარატი 86%-ით ამცირებს გარდაცვალების რისკებს. განაცხადა ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რაფაელ არაოსმა პრესკონფერენციაზე.

როგორც Reuters-ი წერს, მსგავსი კვლევა ჩილეში მიმდინარე წლის აპრილშიც ჩატარდა. მაშინ, კვლევის ავტორები აცხადებდნენ, რომ Sinovac-ის ვაქცინა დაავადების სიმპტომატური შემთხვევების პრევენციას 67%-ით ახდენდა.