პაატა იმნაძე: საქართველოში 80% უკვე დელტა შტამია, მათ შორის არის დელტა პლუსიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ცირკულირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან 80% ვირუსის დელტა შტამია, მათ შორის კი არის დელტა პლუსის შემთხვევებიც. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"დელტა პლუსი, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, 10-ზე მეტია. თბილისში და ბათუმში თითქმის ყველა შემთხვევა დელტაა, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, სადღაც 80%-მდე არის დელტა ყველგან. მათ შორის დელტა პლუსი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დელტასა და დელტა პლუს შტამებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო არის პიკში, თუმცა, წინა პიკებისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით ეს უფრო დიდხანს, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევრამდე გასტანს.

მისივე თქმით, ამჟამად არ იგეგმება ისეთი შეზღუდვების დაწესება, როგორიც წინა პიკების პერიოდში იყო, რადგან არსებობს ვაქცინაც და შესაძლოა ვაქცინირებული პირებს მეტი თავისუფლება ჰქონდეთ, ვიდრე არავაქცინირებულებს.

"ახლა ცოტა სხვა ტიპის შეზღუდვებზე იქნება ლაპარაკი. დღეს, განსხვავებით წინა პერიოდებისგან, როდესაც შეზღუდვების და პირბადის გარდა სხვა არაფერი იყო, დღეს არის პირბადე და აცრა. აქედან გამომდიანარე, ვინც ნაკლებად საფრთხის შემცველია, იმათ ჰქონდეთ მეტი თავისუფლება და ვინც მეტად საფრთხის შემცველია თავის თავისთვის და სხვისთვის, ის უფრო მეტად უნდა იყოს შეზრუდული. ამიტომ შეიძლება იყოს შეზღუდვები, ვთქვათ, გარკვეულ ადგილებში, სადაც მაღალი რისკია, მაგალითად, რესტორნებში, დახურული სივრცეებში შევა ის, ვინც ორჯერადად არის აცრილი, ან აუცრელმა გაიკეთოს თავისი ხარჯით PCR ან სწრაფი ტესტი და ისე შევიდეს იქ. ლაპარაკია ასეთი ტიპის შეზრუდვებზე", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა