The Guardian-ის ცნობით, აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარე ტიტანიკის მუზეუმში აისბერგის რეკვიზიტი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ტიტანიკის ატრაქციონის მფლობელებმა თქვეს: "ჩვენი აისბერგის კედელი ჩამოინგრა და დაშავდა სამი სტუმარი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით მათი დაზიანებების მოცულობა. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც დაზარალდა".
ინციდენტის შედეგად მუზეუმი დაიხურა, თუმცა სამშაბათს აისბერგის გარეშე გაიხსნა. მუზეუმის განცხადებით, დაზიანებული არეალი ჩაკეტეს, აისბერგის ახალი რეკვიზიტის მშენებლობას კი, სულ მცირე, ოთხი კვირა დასჭირდება.
როგორც გამოცემა წერს, რეკვიზიტი 4.6 მეტრი სიმაღლის და 8.5 მეტრი სიგანის იყო და რეალური ყინულისაგან იყო დამზადებული. ყინულის მასას წყლის ფილტრაციის სისტემის მეშვეობით ინარჩუნებდნენ.