მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, უშიშროების სამსახურს დათანხმდა მისი სატელეფონო საუბრები მოესმინათ

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, მან უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თანხმობა თავად მისცა. ამის შესახებ მან "TV პირველს" განუცხადა.

"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

როგორც მიტროპოლიტის საუბრიდან ჩანს, მას უშიშროების სამსახურთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა.

"მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია", - ამბობს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 1-ელ აგვისტოს გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.