ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ევროპიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა გაუუქმოს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელეებს.
"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ორივე მიმართულებით თანაზომიერი წესები იყოს გამოყენებული. ჩვენ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა გადავჭრათ და კვირების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან კონტაქტში ვიმყოფებით", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ერთმანეთს "ძალიან ჰგავდა".
სააგენტო AFP-ის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 59.3%-ს აქვს მიღებული, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 57.8%-ია. მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ან გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ. აკრძალვა არ ვრცელდება აშშ-ის მოქალაქეებზე, მუდმივ რეზიდენტებსა და მათ ნათესავებზე. ევროკავშირმა კი ივნისის დასაწყისიდან ბლოკის 27-ვე ქვეყანას მოუწოდა, რომ აშშ-დან ჩასულ მგზავრებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცენ.