ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადონ. ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"მე მესმის ყველა მთავრობის შეშფოთება, დაიცვას თავისი მოსახლეობა "დელტა" ვარიანტისგან, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი", - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. "ბუსტერ" დოზით აცრას იწყებენ.

როგორც Reuters-ი წერს, მაისის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის დაახლოებით 50 დოზა მიიღეს და ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის გაორმაგდა. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, ვაქცინის ნაკლებობის გამო, ყოველ 100 ადამიანზე გამოყენებულია ვაქცინის 1,5 დოზა.

"ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა უნდა მიემართოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ", - განაცხადა გებრეიესუსმა.