საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საეკლესიო საგანძური - ოქროს ფონდი, შენობის რეაბილიტირების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმში უნდა დაბრუნდეს.
"პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს ეკლესია სცნო სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმი, საცავები) მყოფი საეკლესიო საგანძურის მესაკუთრედ და დაადგინა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე.
ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ 4 წელია დავინტერესდით ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგრადობით და მოვიძიეთ წლების მანძილზე ამ მიმართულებით გაკეთებული დასკვნები. აღმოჩნდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ლ.სამხარაძის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (2018 წ. 22 თებერვალი, 2019 წლის 7 ოქტომბერი და 26 დეკემბერი), შ.პ.ს "სენსონის" (2017 წ. აგვისტო, 2018 წ. 1 მარტი) შ.პ.ს "თბილი სახლის" (2019 წ. 10 ოქტომბერი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (2018 წ. 16 მარტი) მიერ რვაჯერ შემოწმდა ამ შენობის მდგრადობა და რვაჯერვე დაიდო დასკვნა, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებს მეტად სერიოზულ და სასწრაფო სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას.
ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება.
"შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, განათლების მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დაკომპლექტებული სახმრივი კომისია არასრული სამი თვე მუშაობდა, ექსპონანტთა თითქმის 1/3 აღწერა და შემდეგ, კორონავირუსის შეჩერების მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო მუშაობა შეაჩერა.
ამასთან განცხადების თანახმად, ოქროს ფონდი, შეთანხმების მიხედვით, დაბრუნდება რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილ ხელოვნების მუზეუმში.
"მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია.
და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც, – საეკლესიო საგანძური, – დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.