საგარეო უწყება: რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. შეთანხმების დამტკიცება ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან "ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ" ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობიათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.