Reuters-ი:  აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებს შეუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიმუშავებს გეგმას, რომელის მიხედვითაც შეერთებული შტატების თითქმის ყველა უცხოელი ვიზიტორი სრულად უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლი მზად არ არის, დაუყოვნებლივ გააუქმოს მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, განსაკუთრებით კი უფრო გადამდები "დელტა" შტამის გამო.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მუშაობენ "ახალი სისტემის შესაქმნელდ, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მოგზაურების დაშვება". ამასთანავე, თეთრი სახლი ეტაპობრივ მიდგომაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან, სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის.