ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მის გათავისუფლებას ადასტურებს ადვოკატიც.

პროკურორი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა.

"მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება.კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან", - აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი.

ლუკა სირაძის ძმა "TV პირველთან" ამბობს, რომ ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება.

"საერთოდ არ ველოდებოდით რომ მარიანა ჩოლოიანს ვინმე გარეთ გამოუშვებდა, პირიქით ჩვენ ველოდებოდით რომ მას ბრალი დაუმძმდებოდა", - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა.

მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.