კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საბერძნეთის ორ კუნძულზე, ზაკინთოსსა და კრეტაზე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეზღუდვები ძალაში შევა პარასკევს და 13 აგვისტომდე იმოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში ასევე იკრძალება მუსიკა გასართობ ღონისძიებებზე.
კუნძულ ზაკინთოსზე, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 69%-ით გაიზარდა. კუნძულ კრეტას ქალაქ ხანიაში კი ეს მაჩვენებელი 54%-ით არის გაზრდილი.
”ჩვენ მოვუწოდებთ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებს და ვიზიტორებს, სრულად დაიცვან ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით,” - თქვა სამოქალაქო დაცვის სააგენტომ.
ცნობისთვის, საბერძნეთში ოთხშაბათს კორონავირუსის 2 856 შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.