აშშ-მ ტაივანისთვის 750 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის  ხელშეკრულება დაამტკიცა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 750 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის ხელშეკრულება დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური ჯერ არ ნიშნავს, რომ კონტრაქტი საბოლოოდ დამტკიცებულია და მოლაპარაკებები აშშ-სა და ტაივანს შორის დასრულდა.

შეთანხმება ტაივანისთვის M109A6 Howitzer ტიპის საარტილერიო იარაღის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს. პენტაგონის თავდაცვის და უშიშროების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო სავაჭრო გარიგების შესახებ კონგრესს ინფორმაცია ოთხშაბათს, 4 აგვისტოს მიაწოდა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. სამინისტროს თანახმად, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა გააძლიერებს ქვეყნის სახმელეთო ძალებს და საჭიროების შემთხვევაში საფრთხეზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა შეიარაღების საკითხებში რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იარაღის შესყიდვაზე ტაივანის და აშშ-ს შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ჩინეთის შეფასებით, ეს ჩინეთის შიდა საქმეში ჩარევაა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. ჩინურმა მხარემ აშშ-ს ტაივანთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.