ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ქორწილებსა და ქელეხებში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდოს

ჯანდაცვის სამინისტრო შიდა და გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებას უჭერს მხარს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიგი რეკომენდაციები საბჭოზეა წარდგენილი. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლასტერული ინფიცირება ქორწილებსა და ქელეხებში ხდება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საბჭოს წარუდგინეს რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი აზრით, უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების სავალდებულო გამოყენება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ღონისძიებების კონტროლს, ვინაიდან კლასტერული ინფიცირება ქორწილებსა და ქელეხებში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა, რომ ეპიდვითარების მდგრადობა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ზომების გამკაცრების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე 10 აგვისტოს განიხილება.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა.