ჰიროსიმაში ატომური ბომბის პირველად ჩამოგდებიდან 76 წელი გავიდა.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15-ზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა B-29-მ ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი მეტსახელად „პატარა ბიჭუნა“, რომელმაც დაანგრია 350 000 ქალაქი. ათასობით ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა ჭრილობებისა და რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებისგან.
ჰიროსიმის დაბომბვიდან სამი დღის შემდეგ დაიბომბა ქალაქი ნაგასაკი.
მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმა მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამხედრო მნიშვნელობის ქალაქი იყო. მის სიახლოვეს განლაგებული იყო სამხედრო ბანაკები, აგრეთვე მეხუთე დივიზიის და ფელმარშალ შუნროკუ ჰატას მეორე მთავარი არმიის შტაბები რომელიც სამხრეთ იაპონიის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ. ჰიროსიმა იაპონიის არმიის მომარაგების, კომუნიკაციების და არმიის შეკრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ის იყო ერთ-ერთი იმ იაპონურ ქალაქთაგან რომელსაც საგანგებოდ ხელი არ ახლო ამერიკულმა ავიაციამ იმისათვის რომ ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგები უფრო იოლად შესამჩნევი ყოფილიყო. ზოგი მონაცემის თანახმად გენერალი სპააცი იტყობინებოდა რომ ჰიროსიმა ერთადერთი ქალაქი იყო სადაც არ იყო განლაგებული ომის ტყვეთა ბანაკები და ვაშინგტონმაც იგი სამიზნეთა სიაში პირველ ადგილას მოათავსა.
ომის დასაწყისში ჰიროსიმის მოსახლეობა 381 000 ადამიანს აღწევდა მაგრამ შემდეგ იგი ნელ-ნელა იკლებდა სისტემატიური ევაკუაციის გამო რომელიც იაპონიის მთავრობის განკარგულებით ხდებოდა. 1945 წლის ზაფხულისათვის მოსახლეობა ამ ქალაქში დაახლოებით 255 000 ადამიანს შეადგენდა.