ჯანდაცვის მინისტრი: საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობაც

„ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი უკვე სულ უფრო ნაკლებია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

„რეალურად, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი უკვე სულ უფრო ნაკლებია. გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობაც, რომლებიც წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ექიმებს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არის მთავარი ბუსტერები ვირუსის გავრცელების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სასტუმროების მობილიზება გრძელდება.

„ამ ეტაპისთვის, სასტუმროებში საკმარისი ოთახები გვაქვს, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან კიდევ მიმდინარეობს მობილიზაცია“, - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.