კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინამ, სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისგან დაცვის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.
კვლევის ფარგლებში, Johnson & Johnson-ის ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრნენ. კვლევა დაიწყო თებერვლის შუა რიცხვებში და დასრულდა მაისში. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის 477 234 მუშაკი აიცრა.
კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი დოზით აცრილ ადამიანებს, ინფიცირების შემთვევაში, ვაქცინა სიკვდილისგან 91%-დან 96.2%-მდე იცავს. განსხვავებული მაჩვენებლებია ვირუსის "ბეტა" და "დელტა" ვარიანტებით ინფიცირებისას. პირველ შემთხვევაში, 57%-იანი ეფექტიანობა გამოვლინდა, მეორეში კი 71%-იანი.
"ვაქცინის მიღების პარალელურად, ძალიან მცირე იყო სიკვდილიანობა ვაქცინირებულ ჯგუფში და აჩვენებდა 96.2 პროცენტამდე დაცვას სიკვდილისგან. ეს იყო ჩვენი მთავარი საბოლოო წერტილი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვაქცინა იცავს ჯანდაცვის მუშაკებს სიკვდილისგან,” - განაცხადა დოქტორმა გრეიმ.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 8.3 მილიონი ადამიანია აცრილი. სულ ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აჭარბებს.