ჩინურ Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა აღიარებს

მოგზაურობისას Sinovac-ით აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის შვიდი ქვეყანა აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებპორტალი Schengenvisainfo ავრცელებს.

Sinovac-ით აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.

ამჟამად, ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს ვაქცინაციის მოწმობას, თუ იმუნიზაცია ჩატარებულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, ესენია Astrazeneca, Pfizer, moderna და johnson&johnson. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს მიერ, ასეთ შემთხვევაში ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.

Sinovac-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

მოგზაურობისთვის „სინოვაკით“ ვაქცინაციას აღიარებს ევროპის კონტინენტის კიდევ ხუთი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, სერბეთი და მაკედონია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო ევროპის ქვეყნების ნაწილმა საქართველო „წითელ ზონაში“ შეიყვანა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოდან ჩასული პირები, მათ შორის ვაქცინირებულებიც, ვალდებულები არიან, გაიარონ იზოლაცია.