საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს ელჩმა, სკვირაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები შეიძინა.
სტამბოლის ედირნექაფის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც ქართული სამრევლოს წინაძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა. საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.