გაეროს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში, ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო სანქციების დარღვევით და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, გააძლიერა თავისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფხენიანი "აგრძელებს მასალებისა და ტექნოლოგიების მოძიებას ამ პროგრამებისთვის საზღვარგარეთ".
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს მის გაუარესებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა განაგრძობს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შენარჩუნებას და განვითარებას", - ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო, ჩრდილოეთ კორეას გაეროს სანქციები 2006 წლიდან ადევს.