81 წლის აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი Sinovac-ის ვაქცინით აიცრა

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი Sinovac-ის ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში.

რისმაგ გორდეზიანი თავის კოლეგებსა და სტუდენტებს მოუწოდებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან.

„მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს. ამ პანდემიის დროს რომ გვაქვს ვაქცინები, სწორედ მეცნიერების უდიდესი მიღწევაა. არავის აქვს უფლება, უარყოს ეს მიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაქვს სახარბიელო, გადავწყვიტე, რომ ავიცრა ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილის ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებისთვის, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს და ამით გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობა.

მინდა ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს სტუდენტებს მოვუწოდო, მათაც გადადგან ამგვარი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტია“ - აცხადებს რისმაგ გორდეზიანი.