საბერძნეთში უკონტროლო ხანძრების გავრცელების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა. 6 რეგიონი საფრთხის ქვეშაა.
როგორც BBC წერს, კვამლის უზარმაზარი ღრუბლები დგას დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, სადაც ხალხს მოუწოდებენ დატოვონ თავიანთი სახლები.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სიცხის შედეგად ქვეყანა ფხვნილის ბუდედ გადაიქცა.
ასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 20-მდე ვერტმფრენიცაა ჩართული. დამატებითი მეხანძრეები და თვითმფრინავები იგზავნება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და აშშ-დან.
არაპროგნოზირებადი ქარის წყალობით, ყველაზე საშინელი ხანძრები ათენის ჩრდილოეთითა. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში - ოლიმპიაშიც. ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა.
38 წლის მოხალისე მეხანძრე დაიღუპა ქალაქის გარეუბანში ელექტროენერგიის ძელის ჩამოვარდნის შედეგად. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია.
მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს.
"მთელი უძველესი ქალაქები იშლება. ფერმები იწვის. 2018 წლის ტრაგედიის მსგავსად, ადამიანები წყალში გადახტომით ცდილობენ თავის გადარჩენას - მაგრამ ჰაერი მაინც იმდენად მწველია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
”ჩვენ ვსაუბრობთ აპოკალიფსზე, მე არ ვიცი როგორ აღვწერო ეს”, - განაცხადა კუნძულ ევიას სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა.