აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ნედ პრაისი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის.
"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანის საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. ახლაც რუსეთის ძალებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვთ ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება." - აცხადებს ნედ პრაისი.