საპატრიარქო: ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.