ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ასევე მოუწოდებენ რუსეთს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაასრულოს ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანის უფლებების უხეში, სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით ჩადენილი.

,,საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რთული გეოპოლოტიკური ვითარებიდან გამომდინარე გამომწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები პანევროპული ოჯახის ნაწილი არიან და მათ გააკეთეს თავისუფალი, ევროატლანტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის მცხოვრებლები საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად ვერ სარგებლობენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ბენეფიტებით, მათ შორის სოციო-ეკონომიკური განვითარებით და რუსული ოკუპაციის მსხვერპლი არიან. მათი ტანჯული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა კოვიდპანდემიამ.

ჩვენ ვაფასებთ დიალოგის თაობაზე ხელისუფლების მზადყოფნას, გამოხატულს ამბიციური ინიციატივით - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ვაჭრობის, განათლების და მოქალაქეების მობილობისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად "ადმინისტრაციული საზღვრის" ორივე მხარეს მცხოვრებთათვის. ჩვენ მივესალმებით დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნას, რომლის შესახებაც ახლახან განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, მათ შორის მნიშვნელოვანია, 2008 წლის შეთანხმების სრულად იმპლემენტაცია, ჟენევის დისკუსიები, EUMM-ის აქტივობები და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ძალისხმევა.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს და ეს აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაასრულოს ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანის უფლებების უხეში, სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით ჩადენილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.