საბერძნეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. კუნძულზე ხანძარი უკვე მეექვსე დღეა, მძვინვარებს, რის გამოც ევიადან ათასობით ადამიანი ბორნებით გამოჰყავთ.

Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ათას ჰექტარზე გავრცელდა, რამაც ხელისუფლება აიძულა, ათობით სოფლის ევაკუაცია განეხორციელებინა.

კუნძულ ევიაზე სტიქიას 600-მდე მეხანძრე ებრძვის. საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ნაწილობრივ მოხერხდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა არსებულ ვითარებას „კოშმარული ზაფხული“ უწოდა და დასძინა, რომ მთავრობის პრიორიტეტი „უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სიცოცხლის დაცვაა“.