ღარიბაშვილი: აცრა იცავს სიკვდილისგან

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან კიდევ ერთხელ სთხოვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა და აიცრან.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს უბრალოდ, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება და რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს“.

6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო „Fitch“ ის რეიტინგი, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია.

ამას გარდა Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.