აშშ-მ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად, რომ რუსულ აგრესიას გაუწიოს წინააღმდეგობა. ამ შინაარსის სტატიას ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე გამოცემა Newsweek-ში აქვეყნებს.
ელჩი აღნიშნავს, რომ დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთთან „თანაბარი თამაშის წესების“ უზრუნველყოფის მიზნით, რაც გულისხმობს საქართველოსთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაზრდას, შეკავების შესაძლებლობების გაზრდას შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს და აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის შექმნას.
დავით ბაქრაძის შეფასებით, „საბედნიეროდ, ვაშინგტონი და ევროპელი მოკავშირეები მტკიცენი რჩებიან თავიანთ მხარდაჭერაში და მისასალმებელია ბაიდენის ადმინისტრაციის განახლებული მხარდაჭერა, თუმცა ფრონტის ხაზზე მყოფი ერები, მათ შორის ქართველები აგრძელებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ახლა დროა, აშშ-მ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.
„ბოლოდროინდელი რუსული კიბერშეტევები აშშ-ის წინააღმდეგ აშკარად შეახსენებს ამერიკელებს, რომ აგრესიული პროვოკაციები არის ვლადიმერ პუტინის „თამაშის წესების“ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის მიზანიც მძიმე ზიანის მიყენებაა.
უკრაინაში რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ აგრესიას, იყენებს თავის სამხედროებს, როგორც პუტინის ძალაუფლების ბლაგვ ინსტრუმენტს. ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოდან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას. ცამეტი წლის წინ, აგვისტოში, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დღემდე არ დაუტოვებია ჩვენი ტერიტორიები. გრძელდება სუვერენული ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია.
საქართველოს და აშშ-ს აკავშირებთ საოცრად ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავღანეთისა და ერაყის მისია, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 000 -ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი ამერიკელების მხარდამხარ მსახურობდა, მათგან 30 -ზე მეტმა გაიღო მსხვერპლი.
NATO-ს ხელმძღვანელობით შავი ზღვის უსაფრთხოების წვრთნები და წარმატებული რეგიონული დიპლომატიური თანამშრომლობა ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის სხვა მაგალითებია. სულ ახლახან, აშშ-მა გამოავლინა თავისი მხარდაჭერის და ქართველ ხალხზე ზრუნვის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც გამოიხატა 500,000 დოზა COVID-19 ვაქცინის მიწოდებაში.
მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. რუსეთის მთავრობა ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა აიძულოს ეს მძიმე წნეხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები, უარი თქვან მოქალაქეობაზე და ენაზე, წაშალონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და გადაწერონ ისტორია.
გარდა ამისა, რუსეთი ითვლის თითქმის 9000 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც განლაგებული არიან ორივე რეგიონში. რუსეთის მავნე ქმედებებს უნდა შეებრძოლოს ნდობის აღდგენის პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობის აღდგენას და ხელშეწყობას საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთთან „თანაბარი თამაშის წესების“ უზრუნველყოფის მიზნით, რაც გულისხმობს ჩემი ერისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაზრდას, შეკავების შესაძლებლობების გაზრდას შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებით და აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის შექმნით“, - აღნიშნავს საქართველოს ელჩი.
დავით ბაქრაძე საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზეც ამახვილებვს ყურადღებას, მათ შორის არის „მტკიცე სული“, რომელიც 6 აგვისტოს დასრულდა. ელჩის შეფასებით, ეს წვრთნები აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის.
„შავი ზღვა აჩენს სავაჭრო ურთიერთობების უდიდეს შესაძლებლობებს, რომელიც ეძებს უსწრაფეს გზას ევროპიდან აზიისკენ და აზიიდან ევროპისკენ, მათ შორის ამერიკული ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც აშშ-ის ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში, საქართველო კვლავაც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ გზას, რომელიც შეესაბამება NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ცამეტი წლის წინ, აგვისტოში, მსოფლიო შეშინებული უყურებდა, როგორ შემოიჭრნენ რუსული ძალები და ტანკები ჩემს ქვეყანაში, სადაც ისინი დღემდე რჩებიან. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ აშშ გვერდში გვიდგას, რომ გაანეიტრალოს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების გავლენა. ახლა, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და სამუდამოდ მოვაშოროთ რუსეთი ჩემს ქვეყანას“, - წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი.