ღარიბაშვილი: უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას

უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე ,თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატებს და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე.

„და კიდევ ერთი, ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მე მინდა ერთის მხრივ ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნით, რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ატარონ ანალოგიურად პირბადე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.