დღეიდან, ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური კომპანია KASPI-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძეა, რომლის ქონებასაც Forbes-ი $5 მილიარდად აფასებს.

მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა.

მისი კომპანია, „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახორციელებს ბევრ სოციალურ აქტივობას.