თურქეთის პირველი მცურავი პლატფორმა — „ოსმან გაზი“ (Osman Gazi), რომელიც გაზის მოპოვების, შენახვისა და გადატვირთვის (FPSO) ფუნქციებს ასრულებს, ფილიოსის პორტს ტოვებს და შავ ზღვაში, თავის მუდმივ სამუშაო ადგილოსკენ მიემართება.
როგორც TRT Haber-ი იუწყება, მოსალოდნელია, რომ ეს დანადგარი „საკარიას“ (Sakarya) გაზის საბადოზე დღიურ მოპოვებას ორჯერ მეტად გაზრდის — 9,5 მილიონი კუბური მეტრიდან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე.
პლატფორმა განთავსდება ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრის დაშორებით. მისი სიგრძე 298,5 მეტრია, სიგანე — 56 მეტრი, ხოლო სიღრმე — 29,5 მეტრი. „ოსმან გაზი“ გათვლილია 20-წლიან უწყვეტ ექსპლუატაციაზე; მასზე 140-კაციანი ეკიპაჟი იმუშავებს.
არსებული გათვლებით, გაზის დამატებითი მოპოვება დღეში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის, ხოლო წელიწადში — დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას უზრუნველყოფს.
ფილიოსის პორტში პლატფორმის მოდერნიზაციის პროცესში დაახლოებით 7 000 სპეციალისტი მონაწილეობდა. სამუშაო მოიცავდა 642 კილომეტრი ელექტროკაბელის დამონტაჟებასა და დაახლოებით 30 კილომეტრი მილსადენის გაყვანას.
მოდერნიზაციის ფარგლებში განახლდა პლატფორმის ზედა ნაწილში განთავსებული 21 გადამამუშავებელი დანადგარი. მათგან 11 ახალია (7 დამზადდა თურქეთში, 4 — საზღვარგარეთ), ხოლო დარჩენილი 10 ადაპტირდა „საკარიას“ საბადოს გაზის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, „ოსმან გაზი“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თურქეთში ბუნებრივი აირის ადგილობრივი მოპოვების გაზრდასა და ენერგომომარაგების განმტკიცებაში.