ფინანსთა მინისტრი: Fitch-ის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე აისახება

ამერიკულმა სარეიტინგო კორპორაცია Fitch-მა საქართველოს მიანიჭა სუვერენული რეიტინგი BB და პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუუმჯობესა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, Fitch-მა საქართველოს დაუბრუნა პანდემიის დაწყებამდე არსებული შეფასება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს და გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სარეიტინგო კომპანია პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად ასახელებს სამ ფაქტორს: მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, Fitch-ის შეფასებით, წელს იქნება 7.8% და წინა შეფასებას ორჯერ აღემატება, ასევე, პანდემიის პერიოდში ძლიერ და მყარ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და საქართველოს მიმართ ძლიერ საერთაშორისო, ფინანსურ მხარდაჭერას.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება იმ ფონზე, როცა ქვეყნების უმეტესობის საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა, მიუთითებს, რომ საქართველო სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე.

2020 წლის აპრილიდან დღემდე, საქართველოს Fitch-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა შემცირებული სუვერენული რეიტინგი BB-.

ცნობისთვის, Fitch-ი, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების "დიდ სამეულში" შედის, მსოფლიოს საკრედიტო ბაზრებს აწვდის ქვეყნების კრედიტუნარიანობის პერსპექტივაზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ შეფასებებს და ანალიტიკურ კვლევებს.

ნათია თურნავა: მთავრობა მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ" დონემდე გააუმჯობესა