ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავზე, ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"ევროკავშირი მზადაა განიხილოს შემდგომი ზომები რეჟიმის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში უგულებელყოფის ფონზე.

ევროკავშირის სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ხელისუფლება სრულად დაიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, პატივს სცემს ადამიანის უფლებების ვალდებულებებს და შეწყვეტს ყოველგვარ რეპრესიას", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა.

ცნობისთვის, საპროტესტო ტალღა მოჰყვა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გააყალბეს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს ან დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ათიათასობით ადამიანი დააკავეს, ზომებს ახორციელებენ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, აკრედიტაციაზე უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს.