თავდაცვის სამინისტროს უწყებრივ მედლებს „დიდგორი-900“ დაემატა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნების ნიმუშებს კიდევ ერთი საიუბილეო მედალი „დიდგორი-900“ დაემატა.

შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნად ჯილდოვდებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

მედლით „დიდგორი-900“ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით აჯილდოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანება 9 აგვისტოთი თარიღდება. ის უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, სადაც აღნიშნულია, რომ ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 6 აგვისტოდან.