საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში რეფორმები. ამის შესახებ მან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, ერთადერთი, რაც პროცესს აკლია არის პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს.
„მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, იმისთვის რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო.
არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დეგნანმა.