ამერიკელი ჯარისკაცებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება

პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 15 სექტემბრამდე გაიკეთოს. ამის შესახებ ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სავალდებულო აცრისთვის დაწესებული ვადა შესაძლოა კიდევ უფრო ადრე დაინიშნოს, თუ მანამდე ვაქცინებმა ამერიკის მთავრობის სრული ავტორიზაცია მიიღეს, ან ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება.

"ვითხოვ პრეზიდენტის თანხმობას ვაქცინების სავალდებულო გახდომის შესახებ არა უგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებისა, ან დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია ვაქცინებს საბოლოოდ დაამტკიცებს",- აცხადებს სააგენტოს მიერ მოპოვებულ მემორანდუმში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამ წერილით პენტაგონის შეფი შეიარაღებულ ძალებს სთხოვს აცრებისთვის მოემზადონ.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, ამას შესაძლოა ამერიკის სამხედრო მზადყოფნაზე ჰქონდეს უარყოფითი გავლენა.

"თავს არ შევიკავებ იმისგან, რომ ვიმოქმედო უფრო მალე ან სხვა რეკომენდაციები შევთავაზო პრეზიდენტს, თუ ამის საჭიროება ვიგრძენი. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება", - აცხადებს ლოიდი.