ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა

BBC-ის ცნობით, ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა, რამაც დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემები შექმნა. ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.

გამოცემის ცნობით, ხიდი გემის გასასვლელად გახსნეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ ჩაკეტეს. მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი პრობლემა ტაუერის ხიდზე 2020 წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა. მაშინ ხიდზე გადაადგილება 24 საათით შეიზღუდა.

ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. ის 1894 წელს აშენდა. გემების გასატარებლად ხიდი წელიწადში დაახლოებით 800-ჯერ იხსნება.