ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში დასაწვენი ადგილების ნაკლებობაა. ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყოს საწოლფონდის... დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდეა საჭირო იმისთვის, რომ შეზღუდვამ გავლენა იქონიოს ეპიდსიტუაციაზე. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ქუჩებში 5 კაცის შეკრების შემთხვევაში სავალდებულო ხდება, ყველა მათგანს პირბადე ეკეთოს.