მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას რუსი ოფიცერი დაიჭრა

მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას რუსი ოფიცერი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

აფეთქება სოფელ მადაგიზთან მოხდა, როდესაც რუსი მშვიდობისმყოფელების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების მართვის „სამინისტროს“ წარმომადგენლები დაღუპულთა გვამებს ეძებდნენ.

10 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სომხეთის პრემიერმა შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.