ჯანდაცვის მინისტრი: არ ვართ ყოვლისშემძლეები, მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო

„არ ვართ ყოვლისშემძლეები და დამოკიდებული ვართ მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მოხდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმეა, რადგან „დელტა“ შტამი სწრაფად ვრცელდება. მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფოს ქუჩაში არ დაუტოვებია არცერთი ადამიანი, თუმცა დაგვიანება ხდება და მიმართვიანობა 50%-ით არის გაზრდილი.

„საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია. ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ მობილიზებული გვაქვს სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, რათა ეს ვირუსი გახდეს უფრო მეტად მართვადი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.