UNESCO: რესტავრაციისთვის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ გელათს პრობლემები შეუქმნა

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო.

UNESCO-ს მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონაწილე სახელმწიფომ მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა კომიტეტის წინა გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. თუმცა, გატარებული დაცვის ღონისძიებები სამწუხაროდ, ყველა წარმატებული არ აღმოჩნდა. ახლახანს დამონტაჟებული კრამიტით გადახურული სახურავების წარუმატებლობამ ღვთისმშობლის ეკლესიაში და მუდმივი ტენიანობის პრობლემებმა წმინდა გიორგის ეკლესიაში, კედლის მოხატულობისა და მოზაიკის დაზიანება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე.

UNESCO-ს გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიის შენარჩუნების გამოსავლად ხელახალი გადახურვა მიაჩნია. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადებები განიხილა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადაიხუროს გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაც ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ რიგ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გამოსავალი, რომლის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად გადაიხურება. UNESCO ითხოვს, რომ გელათის შესახებ ნებისმიერი გეგმა სახელმწიფომ განსახილველად მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა ორგანოებს წარუდგინოს.

UNESCO-ს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოს სთხოვს:

გაგრძელდეს საქმიანობა ძეგლის მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებისთვის;

გაფართოვდეს სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი წმინდა გიორგის ეკლესიასა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებზე;

კომიტეტთან კოორდინაციისთვის მიეწოდოს ანგარიში საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით;

ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც ჩართული იქნება რესტავრაციის პროცესის დაგეგმვაში;

მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებთან ერთად.

​მიღებულ დოკუმენტში, ქართული მხარისათვის გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტური გადახურვა ორივე - ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს დაცვის ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება და ნესტის შეღწევის რისკებისგან დაცვა; უნდა შემუშავდეს კონსერვაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დაცვითი სამუშაოების მონიტორინგს, კვლევას და განხორციელებას კედლების მხატვრობის, მოზაიკისა და ქვასთან მიმართებაში. ყველა საკითხი უნდა შეთანხმდეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, გელათზე არსებული მდგომარეობის მორიგი ანგარიში სახელმწიფომ 2022 წლის პირველი თებერვლისთვის უნდა წარედგინოს. საკითხის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგ 45 -ე სესიაზე მოხდება.