თბილისში მდებარე კლინიკამ სასამართლოში უჩივლა ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდა

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ მედძმას სასამართლოში უჩივლა. შესაბამისი განცხადება კლინიკის გვერდზე გავრცელდა.

„ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უკვე წელიწადზე მეტია, კოვიდინფექციის მართვაშია ჩართული და 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. ჰოსპიტალი, რომელიც პერსონალისა და პაციენტების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის მიზნით აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, კატეგორიულად ემიჯნება ყველა ანტივაქსერულ კამპანიას, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჰოსპიტლის უკვე ყოფილი, მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა.

ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას.ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი. ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % არ იყო აცრილი. ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.